კოკა კიღურაძე: სულუხსარი ხალხი და ბრძენი მთავრობა, ანუ არჩევნები სამაისოდ თუ საოქტომბროდ

417620_552477978118179_49457644_nარჩევნები სამაისოდ თუ საოქტომბროდ? ეს შეკითხვა არსებობდა რამოდენიმე თვის წინ, მაგრამ საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში გაიმართებოდა.[1]

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, დისკუსიის განახლება მოჰყვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.[2] აღნიშნული მოსაზრების დასაბუთება უცნობია.

პარალელურად გავრცელდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბ-ნ დავით ნარმანიას კომენტარი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სადაც ის ამბობს: „თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესახებ საარჩევნო ჯგუფს კონკრეტული ცვლილებები ჯერ არ აქვს მომზადებული. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ყველა არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა თვითმმართველობებს მუშაობის ვადა მაისში გასდით. ამიტომ ჯერ არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი არ არის გადაწყვეტილი. ალბათ, პარლამენტი ამ თემაზე საკანონმდებლო ცვლილებას ან დადგენილებას მოამზადებს”.[3]

თვითმმართველობის არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის დაგვჭირდება რამდენიმე ფაქტობრივი და სამართლებლივი ფაქტის შეფასება. 2009 წელს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიების საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ქ.თბილისის მერმა გიგი უგულავამ, წამოაყენა წინადადება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის ოქტომბრის ნაცვლად ჩატარებულიყო იმავე წლის გაზაფხულზე, ხოლო თბილისის მერი ამომრჩევლებს პირდაპირი წესით აერჩიათ. აღნიშნულ პოლიტიკურ განცხადებას მოყვა შესაბამისი რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რომელმაც 2009 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გააკეთა განცხადება, სადაც გამოხატა მზადყოფნა 2010 წელს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა მერის პირდაპირი არჩევის შესახებ.

პოლიტიკურ განცხადებებს კონკრეტული სამართლებლივი შედეგი  2010 წლის 12 თებერვალს მოჰყვა, როცა საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი, რომლის საფუძველზეც საქართველოს კონსტიტუციას გარდამავალ დებულებებში დაემატა  1043მუხლი, რომლის მიხედვითაც  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა. თბილისის ამომრჩევლებს მერი პირდაპირი წესით უნდა აერჩიათ იგივე ვადაში. აღნიშნული არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის 30 მარტის #254 განკარგულება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს  და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები გაიმართებოდა 2010 წლის 30 მაისს.

სწორედ ეს პოლიტიკური და საკანონმდებლო წინაპირობები არსებობდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 5 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებს და თბილისის მერს, უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 2010 წლის ოქტომბერში ეწურებოდათ, არჩევნები გაიმართა 2010 წლის 30 მაისს.

საქართველოს კონსტიტუცია საარჩევნო თვედ ოქტომბერს განსაზღვრავს, მაგრამ მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კონკრეტული თვე დადგენილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით. არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ერთადერთ რეგულირებას საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვხვდებით. საარჩევნო კოდექსის 133 – ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა. თუმცა, ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, ეს წესი შეცვლილია და 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, იცვლება არჩევნების თარიღის განსაზღვრის წესი. არჩევნების თარიღს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

2014 წლის 30 მაისს სრულდება ზუსტად 4 წელი არჩევნების ჩატარებიდან, ხოლო ივნისში 4 წელი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან. საქართველოს კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 60 დღისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით დანიშნოს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები.  თუ თვეების მონაცვლეობის ბუნებრივი წესი უცვლელი დარჩა 2014 წლის განმავლობაში, არჩევნები 2014 წლის მაის-ივნისის კალენდარულ პერიოდში უნდა ჩატარდეს.

დატოვე კომენტარი