თარგმანი►ორიენტალიზმიდან ჰომონაციონალიზმამდე: ქვიარ პოლიტიკა, ისლამოფობია და ევროპეიზაცია კოსოვოში

პირო რექსეპი მაკედონიელი ავტორია. ამჟამად, ასწავლის ნიუ–იორკის უნივერსიტეტში. მისი კვლევების ინტერესის სფეროებია: რელიგიის პოლიტიკა; პან–ისლამიზმი; ჰომონაციონალიზმი და პოსტკოლონიალიზმი; სექსუალობა და კოლონიალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში (ბალკანეთისა და შუა აღმოსავლეთის ფოკუსით). 

 

მთარგმნელი: თორნიკე ჭუმბურიძე

ქვიარ პოლიტიკური მოძრაობები აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო მეტად ხდება კიდევ ერთი დისკურსული სივრცე, სადაც ევროკავშირის მულტიკულტურული მოქალაქეობა გადაისინჯება. ხშირად, ეს ხდება მარტივი ოპოზიციების – სეკულარული/რელიგიურის; მოდერნული/ტრადიციულის; გენდერული თანასწორობა/პატრიარქატისა და აღმოსავლეთი/დასავლეთის – გადაკვეთაზე.

ბოლო ათწლეულებში, ევროპული და ამერიკული ქვიარ ლიტერატურა დაუპირისპირდა ამ ბინარულობებს, განიხილა რა ის გზები, რომლებითაც ქვიარ თემები ნორმალიზდება, დეპოლიტიზდება და ინტეგრირდება ჰეგემონიურ ლიბერალურ სტრუქტურებში სხვა იდენტობის განზომილებების – მაგალითად კლასის, რასის და რელიგიის – ექსკლუზიის გავლით. Puar-ის (2007, გვ. 39) შრომები იმის თაობაზე, თუ როგორ აქცევს სექსუალურ უფლებებს აშშ-ის ჰეგემონიის თანამონაწილედ „დისკურსული პრაქტიკა, რომელიც გამოაცალკევებს ამერიკელ გეებს და ქვიარებს რასობრივი და სექსუალური სხვებისგან“, სხვა სიტყვებით, ჰომონაციონალიზმი, ასეთი კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია.

Schulman-ის (New York Times, 22 ნოემბერი, 2011)  კონცეპტი „ფინქვოშინგი“, რომელიც მოიხელთებს ისრაელის „განზრახულ სტრატეგიას, შენიღბოს პალესტინელთა უფლებების მიმდინარე დარღვევა“ და Scott-ის (2011) ნაშრომი სექსუალიზმზე, ანუ მოსაზრებაზე, რომ მხოლოდ სეკულარიზმია თავსებადი სექსუალურ უფლებებთან, სექსუალურ უფლებებსა და მოქალაქეობაზე არსებული ამ ეჭვნაკლული დისკურსის გარღვევის სხვა მაგალითებია.

ბოლო ხანებში, ეს ლიტერატურა გამოიყენეს იმისათვის, რომ გამოკვლეულიყო ევროკავშირის გაფართოება, როგორც გენდერირებული და სექსუალიზებული პროცესი, რომელიც გულისხმობს მულტიკულტურული მოქალაქეობის შექმნას, სექსუალური უფლებების გარშემო ჩამოყალიბებული თემების ბრძოლების სხვა მარგინალური ჯგუფების ბრძოლებისგან იზოლირების გზით. Kulpa (2014, გვ 431),  მაგალითად, ამ პროცესს უწოდებს “ზეწოლის პეგადაგოგიკას“, „ჰეგემონიურ დიდაქტიკურ ურთიერთბას, რომლის პირობებშიც [ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა] წარმოდგება დასავლური/ევროპული „პედაგოგიკის“ ობიექტად და მოიაზრება, როგორც გამუდმებით „პოსტ-კომუნისტური“, „ტრანზიციული“, (ანუ, არა ლიბერალური, ჯერ არა, არა საკმარისად) და ჰომოფობიური“. ბოლო ათწლეულში, როცა ევროკავშირმა აღიარა და ევროკავშირის მოქალაქეობაში ჩაწერა ჰომოსექსუალური ცხოვრების გარკვეული წესები და იდენტობები[2], ევროკავშირი გამოარჩევს ქვიარ თემებს, როგორც სექსუალიზებულ მოწყვლად „სხვებს“, როგორც მსხვერპლებს, რომლებსაც სჭირდებათ დაცვა და ევროკავშირის ჩარევა პოლიტიკური აგენტობის და მოქალაქეობის შესაძენად. ქვიარ თემების ასეთი რეპრეზენტაცია წარმოადგენს მათ ისე, თითქოს სჭირდებოდეთ პატერნალისტური მფარველობა, სანამ სრულ პოლიტიკურ აგენტობას მოიპოვებენ და ამავდროულად, საშუალებას აძლევს ევროკავშირს, პოზიციონირდეს როგორც პროგრესის და მოდერნულობის  განხორციელება, რომლისკენაც ყველა უნდა ისწრაფვოდეს, განსაკუთრებით ის ხალხები, რომლებიც ევროკავშირის პოტენციურ მოკავშირეებად მოიაზრებიან. აღმოსავლეთ ევროპაში ქვიარ თემებზე თავდასხმები კონტექსტუალიზდება პოსტკონფლიქტური პოპულისტური პოლიტიკის და პოსტ-სოციალისტური რელიგიური აღორძინების დისკურსში, რომლის თანახმადაც, ხანგრძლივმა ტრანზიციებმა, რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო უმუშევრობა, კორუფცია და სიღარიბე, წარმოშვეს ნაციონალისტური და მემარჯვენე-რელიგიური პოპულიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვიარი მოქალაქეების თავისუფლებას. პოსტ-სოციალისტური და პოსტ-კონფლიქტური საზოგადოებებიდან წარმატებული „ტრანზიცია“, ამის თანმდევ აღიარებასა და ევროკავშირში ასიმილაციასთან ერთად, არის ტელეოლოგია, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი, ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებთან თანაშრომლობით, კუთვნილების ახალ პოლიტიკას აყალიბებს. ამგვარად, ქვიარ უფლებების დისკურსი ხდება ერთ-ერთი მთავარი სივრცე, სადაც ევროპეიზაციასთან დაკავშირებული დაძაბულობები იყრიან თავს.

აღმოსავლეთ ევროპაში ქვიარ უფლებების ევროპეიზაციაზე ლიტერატურის ტენდენცია იყო კომპლექსური პოსტ-სოციალისტური რეალობების დაქვემდებარება და ხშირად, ყველა გამოცდილების ერთად დაჯგუფება პოსტ-სოციალისტური „ტრანზიციის“ და „ევროპეიზაციის“ კვლევების უფრო ფართო კრიტიკის ქოლგის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მსგავსებები იმაში, თუ როგორ მოხდა ქვიარ უფლებების დისკურსის ათვისება ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების ზოგად პროცესებში, ევროპაში ქვიარ კრიტიკის დეკოლონიზება მოითხოვს არამხოლოდ ევროპეიზაციის პოსტ-კოლონიური და პოსტ-სოციალისტური კრიტიკების შერწყმას[3], არამედ იმის გამომჟღავნებასაც, როგორ გვხვდება ისლამოფობია ქვიარ უფლებებზე მეინსტრიმულ დებატებში როგორც ევროპის „ცენტრში“, ისე მის „პერიფერიაში“. ევროპის შიგნით, ქვიარ უფლებებზე დისკურსებში არსებული ისლამოფობია უკვე კარგად არის აღწერილი[4]. მაგალითად, წიგნი „გეები, რომელთაც არ შეუძლიათ წესიერად იყვნენ გეები: ქვიარ მუსლიმები ნეოლიბერალურ ევროპულ ქალაქში“, El-Tayeb (2012, გვ. 80), შენიშნავს, რომ „მუსლიმების, მათ შორის, ქვიარი მუსლიმების გასხვავება , ევროპული ფენომენია და რომ, სინამდვილეში, კონტინენტის ერ-სახელმწიფოების ევროპეიზაცია მნიშვნელოვანწილად არის გამოხატული მათ საერთო ისლამოფობიაში და კონტინენტური კავშირის მთავარ საფრთხედ ემიგრაციის დასახვაში“.

 

იმის გამომჟღავნებისას, თუ როგორ თანხვდებიან ისლამოფობია და ქვიარ უფლებების დისკურსი ევროპის ემიგრანტულ და მუსლიმურ თემებში, ამ კვლევებს ხშირად თვალთახედვის მიღმა რჩებათ ის, რომ ევროპის „პერიფერიაზე“ მცხოვრები მუსლიმები ისლამოფობიის სამიზნეები ხდებიან ქვიარ უფლებებზე იმ დისკურსების მეშვეობით, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილია. მსგავსად, კვლევები იმის თაობაზე, თუ როგორ აითვისა ქვიარ უფლებების პროექტები ევროკავშირის გაფართოების დისკურსმა პოსტ-სოციალისტურ აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად Ayoub and Paternotte (2014), “ლგბტ აქტივიზმი და ევროპის შექმნა: ცისარტყელისფერი ევროპა“, მიუხედავად იმისა, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ ქვიარ უფლებების ინსტრუმენტალიზებას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიზნებისთვის, უგულებელყოფენ იმ განსხვავებებს, რომლებიც გვხვდება ამ დისკურსების გამოჩენისას მუსლიმი უმრავლესობის მქონე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში. მეტიც, კვლევები იმის თაობაზე, თუ როგორ  გვხვდება ისლამოფობია გენდერულ და სექსუალურ უფლებებზე დისკურსებში ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, მაგალითად, გეი ინტერნაციონალის და ნეოკოლონიალურ ფორმაციებში მისი ჩართულობის Massad-ისეული (2004) კრიტიკა[5], ასევე უკანა პლანზე წევენ აღმოსავლეთ ევროპელი მუსლიმი თემების გამოცდილებებს. ეს უყურადღებობა შესაძლოა გამოწვეულია იმ დომინანტური სივრცითი და დროითი კონფიგურაციებით, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპელ მუსლიმებს კოლონიალური ისტორიის და ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფიის მიღმა ათავსებენ. ვცდილობ რა, განვავრცო ეს ანალიზი, მე ვაკვირდები იმას, თუ როგორ წარმოდგება ისლამოფობია კოსოვოში ქვიარ უფლებებზე დისკურსებში ევროკავშირის გაფართოების უფრო ფართო პროცესების შიგნით. კოსოვო, სადაც აღმასრულებელი ძალაუფლებით აღჭურვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EULEX) ხანგრძლივ ყოფნას თან ერთვოდა ქვეყნის სუვერენიტეტის ერთგვარი სიმყიფე[6], ევროპული ჰომონაციონალიზმიც თვალნათელ მაგალითს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო აღიარებს გეი ქორწინებას[7] და კონსტიტუციით ადგენს ზომებს სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ[8], ის სტაბილურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე ჰომოფობიურ საზოგადოებად ევროპაში. რით აიხსნება ეს მკვეთრი კონტრასტი, ერთი მხრივ, კოსოვოს მმართველი სტრუქტურების და ევროკავშირზე ორიენტირებული ელიტის სურვილებს და, მეორე მხრივ, მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას შორის?

ეს თავი განიხილავს, როგორ ხდება კოსოვოში არსებული გარკვეული ქვიარ პოლიტიკური ფორმაციების ათვისება ევროპეიზაციის დისკურსში და როგორ გამოარჩევს ევროკავშირი დასაცავად ამ თემებს, როგორც მოწყვლად სექსუალურ უმცირესობებს, რომლებიც ევროკავშირის მფარველობის ქვეშ უნდა მოექცნენ. მე ვამტკიცებ, რომ ბალკანეთის იმ ორიენტალისტური რეპრეზენტაციების მეშვეობით, რომლებიც  წარმოადგენენ  მას „ორაზროვანი პარტიკულარულობის“ (Todorova, 1997) სივრცედ, არც აღმოსავლეთად და არც დასავლეთად, ქვიარ იდენტობები კოსოვოში დეპოლიტიზდება და აიგება როგორც „ტრანზიციის“ მოწყვლადი მსხვერპლები, რომელთა გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ევროპაში გადასვლით ან ევროპის სახლში შემოყვანით. ორივე შემთხვევაში, მათ წარმოადგენენ როგორც უცხოებს თავიანთი უშუალო გეოგრაფიებისთვის; მათი რეპრეზენტაცია იმ საზოგადოების მსხვერპლებად, რომლებშიც ცხოვრობენ, სახავს მათ უკვე მოდერნულად და ევროპულად, საპირისპიროდ მათი საზოგადოების დანარჩენი ნაწილისა, რომელიც აღიწერება როგორც ტრადიციული, ჩამორჩენილი და რელიგიური. ქვიარები კოსოვოში შემდგომ ხდებიან სიმბოლოები ალყაში მოქცეული ევროპის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირის მცდელობა, გადაარჩინოს ქვიარები კოსოვოში, საკუთარ თავზე მიმართული მისიაა, გადაირჩინოს თავი  ჰომოფობიური წარსულისგან და ამავდროულად, გაფართოების პროცესში   შეინარჩუნოს ტრადიცია/პროგრესის ბინარულობები, რომლებიც აძლევენ მას საშუალებას, დაუკავშიროს თავი პროგრესს და მოდერნულობას.

ეს „პროგრესის ჰეგემონიური კონცეფციები“ – ამტკიცებს ბატლერი (2008, გვ. 1) –  „თავს განსაზღვრავენ იმ პრემოდერნულ დროითობასთან მიმართებით და წინააღმდეგ, რომელსაც თავად აწარმოებენ  თვითლეგიტიმაციისათვის“. მე ვამტკიცებ, რომ პროგრესის ევროკავშირისეული კონცეფციები ოპერირებენ იმ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით, რომლებიც გაფართოების პროცესში, ვალიდურს ხდიან ევროპული სექსუალობების მულტიპლიკაციას, არტიკულირებენ რა ამ სექსუალობებს ადგილობრივ, „რეპრესირებულ“ სექსუალობებთან და ჩამორჩენილ მუსლიმურ ქვეყნებთან დაპირისპირებაში. განიხილავს რა ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სექსუალობების მულტიპლიკაციას რუმინეთის და ალბანეთის მაგალითზე, Woodcock (2004, გვ. 11) ამტკიცებს, რომ ეს სექსუალობები „პრივილეგირებულია, როგორც იდენტიფიკაციის მთავარი და პოლიტიკური ფორმები. ჰეტეროსექსუალი/ჰომოსექსუალი ბინარულობის სახით“ და რომ მათ შეუძლიათ „ზიანი მიაყენონ სექსუალობების და იდენტობების კომუნიკაციის უკვე არსებულ, უფრო დახვეწილ ქსელებს“.

ამ თავის მიზანი არის არა ის, ეჭვქვეშ დააყენოს ქვიარ ინდივიდების და თემების უფლება, თავი დაუკავშირონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი გეი უფლებების პოლიტიკას, არამედ ის, რომ განიხილოს, როგორ ხდება ამ პროექტთა ნაწილი ჩართული ისლამოფობიის სხვადასხვა ფორმაში და როგორ შეუძლია მოსაზრებას, რომ ქვიარ უფლებები თავსებადია მხოლოდ ევროპულ ღირებულებებთან, შეაფერხოს ან/და ჩააჩუმოს ალტერნატიული სექსუალობები. მე არ ვაპირებ ამჟამინდელი სიტუაციის ალტერნატივებზე სპეკულაციას. ამის სანაცვლოდ, მსურს გავაკრიტიკო „სტრუქტურა, რომელიც, სწორედ ახლა, ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, გავიხედოთ მის მიღმა და მივაღწიოთ იმ ადგილებს, რომლებიც ვიცით, მის კედლებს გარეთ არიან“, რათა შევძლო, „ახალი ფორმა მივცე სურვილს, სხვა ორიენტირისკენ მივმართო იმედი, ხელახლა წარმოვიდგინო შესაძლებელი და ეს ყველაფერი გავაკეთო იმ ფანტაზიების გარეშე, რომლებიც უფლებებსა და რესპექტაბელურობაშია ჩაბუდებული“ (Halberstam, 2013, გვ. 6). სხვა სიტყვებით, ქვიარ უფლებების ჰეგემონიურ ფორმაციებთან თანხვედრის კრიტიკა არ მოითხოვს ალტერნატიული ან არანორმატიული სექსუალობების ინტერპელაციას, რადგან ეს „დისკურსისკენ წაქეზება“, როგორც ფუკო შეგვახსენებს (1999), შეიძლება ესწრაფვოდეს ალტერნატიული სექსუალობების და სუბიექტურობების შენახვას, კატალოგიზებიას ან ათვისებას სექსუალობაზე და უფლებებზე უკვე არსებული ეპისტემოლოგიების ნუსხაში. შემოპატიჟება, დისიდენტიფიკაცია, არაღქმადობა და უხილაობა შესაძლოა იმ ცოცხალ სტრატეგიებს შორის იყვნენ, რომლებითაც ქვიარები უპირისპირდებიან ქამინგაუთის და ხილვადობის ნორმატიულ ლიბერალურ პოლიტიკებს, რათა თავიდან აიცილონ ნეოლიბერალურ გუვერნმენტალურ ტექნოლოგიებში შთანთქმა.

მსჯელობას დავიწყებ იმით, თუ როგორ ხდება კოსოვოს ქვიარ ნარატივების ათვისება „ევროპაში დაბრუნების“ პარადიგმაში იმის ფონზე, რომ ევროკავშირი გამოაცალკევებს ქვიარებს სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისგან, განსაკუთრებით, მუსლიმური თემებისგან, როგორც არქეტიპულად ევროპულ „სხვას“. შემდგომ განვიხილავ, როგორ იყენებს ორგანიზაცია Kosovo 2.0 ორიენტალიზაციის და ჰომონაციონალისტურ სტრატეგიებს კოსოვოს ევროპისადმი კუთვნილების საზომად, ათავსებს რა ქვიარ სუბიექტებს ევროპული გაფართოების დისკურსში და მიჯნავს მათ იმათგან, ვინც ანტიევროპულად მიიჩნევა. ამ პროცესს მე ევროვოშინგს ვუწოდებ. შემდგომ, ვაანალიზებ იმას, როგორ ხდება ქვიარ უფლებები დისციპლინური ზომა, რომლის მეშვეობითაც კოსოვოს მუსლიმურ თემებს აიძულებენ, აწარმოონ ჰომოგენიზებული რეპრეზენტაციული მანდატი ისლამისთვის კოსოვოში. საბოლოოდ, ვამტკიცებ, რომ დომინანტური პოლიტიკური დისკურსი ევროპულ ინტეგრაციაზე კოსოვოში რეპრეზენტირდება როგორც ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ეს საზოგადოება გადავარჩინოთ თავისი რელიგიური თუ ღარიბი სხვებისგან და სრულად დავიხსნათ ამ საზოგადოების წევრები – როგორც ევროპელები – თავიანთ არაევროპული – სოციალისტური თუ ოტომანური – წარსულისგან.

ჩამოტვირთეთ თარგმანის სრული ვერსია ► ორიენტალიზმიდან ჰომონაციონალიზმამდე